ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის, კერძოდ კიევის დაბომბვა და განაცხადა, რომ „რეალური მშვიდობის“ მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მაინლ-რაიზინგერი Х-ზე წერს.
როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინაზე დარტყმების ინტენსივობა მას შემდეგ გაზარდა, რაც უკრაინამ „მზადყოფნა გამოთქვა რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
„ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი გამუდმებით იზრდება. გუშინ ღამით კიევში პოლონეთის საკონსულო სერიოზულად დაზიანდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, „ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად და მკვლელობების შესაჩერებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.