კიევში რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა, მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
„სვიატოშინის რაიონში თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციისას, მაშველებმა გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს“, - წერს ის.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა. უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის იერიშის შედეგად 26 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 1 ბავშვია.
ადგილზე მუშაობენ კინოლოგები, 512 მაშველი, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 135 ერთეული ტექნიკა, მათ შორის სახანძრო რობოტი, პოლიცია, უკრაინის წითელი ჯვრის მოხალისეები და სხვა საქალაქო სამსახურები.