3 ივლისის საღამოდან რუსეთის არმიან კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მასირებული იერიში განახორციელა. ხანძარი და საცხოვრებელი შენობების დაზიანება ქალაქის ექვს რაიონში დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 19 ადამიანი.
„მტრის ღამის თავდასხმის შედეგად კიევზე, დედაქალაქის 19 მცხოვრები დაშავდა. ხუთი ადამიანი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, 14 კი ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
კლიჩკოს თქმით, დნიპროს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი კორპუსების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სოლომენსკის ოლქში კი - არასაცხოვრებელ შენობებსა და ავტოფარეხის ტერიტორიაზე ჩაცვივდა.
„სვიატოშინის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ასევე, ნამსხვრევები ჩაცვივდა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, დაიწვა მანქანები. ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კერძო სექტორში ხანძარი გაჩნდა. დარნიცის რაიონში ნამსხვრევები რამდენიმე ადგილას, ღია ტერიტორიაზე ჩაცვივდა. აფეთქება ან ხანძარი არ ყოფილა. შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევებმა დააზიანა 8-სართულიანი საცხოვრებელი შენობა (რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა, მაგრამ მაცხოვრებლები არ ცხოვრობენ). ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძარი კერძო სექტორშიც არის. ჩვენ ვაზუსტებთ და ვამოწმებთ ინფორმაციას“, - თქვა კლიჩკომ.