"იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ დიმიტრი მედვედევს ღია წერილი მისწერა, რომლითაც პრეზიდენტი "უხერხულ მდგომარეობაში" ჩააგდო. 14 წლით თავისუფლებააღკვეთილ ხოდორკოვსკის მედვედევისთვის შეწყალება არ უთხოვია, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ "მალე მთელი ქვეყანა დაიქცევა". ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი " The Times "-ი აქვეყნებს.
გაზეთის ინფორმაციით, წერილში "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მედვედევს სთავაზობს, აღადგინოს კანონიერება და ბოლო მოუღოს კორუფციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებს, რომ "რუსეთი დაიქცევა". ხოდორკოვსკი განმარტავს, რომ იგი სულაც არ საუბრობს ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის მუშაობაში ჩარევაზე და არც მისა და პლატონ ლებედევის გათავისუფლებაზე. ხოდორკოვსკი დარწმუნებულია, რომ დღეს სასამართლო სისტემის სრული რღვევა მთელ ქვეყანას გამოუსწორებელ შედეგებს უქადის.
ხოდორკოვსკი მოუწოდებს პრეზიდენტს, დაძლიოს ძალოვნების ზეწოლა. "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ეს რომ არ გაკეთდეს, უფსკრული მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის გაღრმავდება. შედეგად კი ხალხს, ქუჩაში გამოსვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება.
გაზეთის ინფორმაციით, მედვედევმა თავისი უმოქმედობით იმედი გაუცრუა ლიბერალებს, რომლებიც იმედს ამყარებდნენ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოღებული მმართველობის ავტორიტარული სისტემის შესუსტებაზე. ხოდორკოვსკი აღნიშნავს, რომ მართალია, მრავალთა აზრით, მედვედევი ქვეყანაში არაფერს წყვეტს, მაგრამ იგი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, არის "მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი".
"მოსამართლეთა ნიჰილიზმი, კერძოდ, მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსის თავისუფალი ინტერპრეტაცია, სწორედ უფლებების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია", _ წერს ხოდორკოვსკი და მედვედევს 2008 წელს ინაუგურაციის დროს წარმოთქმული სიტყვაში თავის მიერ მიცემულ დაპირებას ახსენებს, რომელიც "რუსეთში სამართლებრივი ნიჰილიზიმისთვის ბოლოს მოღებას" ეხება.
ხოდორკოვსკი მიიჩნევს, რომ იუკოსის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი მეორე განაჩენი ნათელი დემონსტრირებაა რუსეთში არსებული გამომძალველობისა და საკუთრების უკანონო გადანაწილების პრაქტიკისა.