ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს კრიზისის დაძლევის გეგმა შესთავაზა. გეგმის მიხედვით, 82 წლის პრეზიდენტი თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს. ამასთან, ხელისუფლება მემკვიდრეობით არ უნდა გადადიოდეს და ახალი ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებით არ უნდა დაკომპლექტდეს. გარდა ამისა, ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა და მმართველ ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიაში საკადრო გადაადგილება უნდა ჩატარდეს.
ვიცე-პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ მუბარაქის რეაქციის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. ადგილობრივი კანონმდებლობით, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის პოსტს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს.
ცნობისთვის, ომარ სულეიმანი თანამდებობაზე საპროტესტო მიტინგების შედეგად 29 იანვარს დანიშნეს.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით ეგვიპტეში სახალხო მღელვარება 25 იანვარს დაიწყო.