რომეო მიქაუტაძის დაკავება კორუფციასთან ბრძოლასთან კავშირში არ არის, ღარიბაშვილის დროს ის იყო შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი. როგორც ჩანს, კობახიძემ ხალხისთვის მოპარული ფული ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადადოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახეზეა შიდა კლანური დაპირისპირება.
„რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან. ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი იყო და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხისთვის მოპარული ფული კობახიძემ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში უნდა გადადოს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. ივანიშვილის პარტია არ არის მონოლითი. სახეზეა უამრავი კლანური დაპირისპირება, რაც, ჩვენი აზრით, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.