რუსეთი ისედაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროკავშირს, ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების გაგრძელება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. განაცხადა. იუწყება The Guardian
„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. გავიმეორებ ჩემი მეგობრის, ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვებს: თუ უკრაინას დამატებით დახმარებას არ გავუწევთ, ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ,“ - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, „მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი საბოლოოდ მზად იქნება საუბრისთვის“.
კალასმა გაიხსენა მრავალი ჰიბრიდული ქმედება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ: საჰაერო სივრცის დარღვევა, სამხედრო წვრთნების ჩატარება ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, დამნაშავეების დაქირავება დივერსიის ჩასატარებლად და ა.შ.
„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთად აღებულ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს არის გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმა“, - აღნიშნა კალასმა.