აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ძალიან ახლოსაა და მას არ აინტერესებს, რას ფიქრობს ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი. ამის შესახებ CBS News იუწყება.
სულ რამდენიმე თვის წინ გაბარდმა გამოაქვეყნა ანგარიში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ირანი არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს და ირანის უზენაესმა ლიდერმა არ დაუმტკიცებია ბირთვული იარაღის პროგრამა, რომელიც 2003 წელს შეჩერდა“.
გაბარდმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს „ყურადღებით დაკვირვებას იმის გასარკვევად, გადაწყვეტს თუ არა თეირანი ბირთვული იარაღის პროგრამის განახლებას“.
17 ივნისს ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გაბარდის განცხადებებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
„არ მაინტერესებს, მან რა თქვა. ვფიქრობ, ისინი [ბირთვული იარაღის] შექმნასთან ძალიან ახლოს იყვნენ“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ირანის ბირთვული საკითხის „რეალური დასასრული“ სურს.