არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მთავრობამ პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
"რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას - არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ.
ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს - ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია დანერგილი პრაქტიკა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.", - განაცხადა მაჭავარიანმა.