30 წლიანი ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა. ამის შესახებ მუბარაქმა ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია "ნაილ ტვ"-ში განაცხადა.
მუბარაქის თქმით, მანიფესტაციებმა მას საფუძველი მისცა იმისა, რომ მთავრობა დაეთხოვა. მისი თქმით, ახალი მთავრობა ახალ გზაზე დგას, რომელიც ქვეყანას აუცილებლად ბევრ სიკეთეს მოუტანს.
"მიმდინარე ეტაპზე ქვეყანას რეორგანიზაცია სჭირდება. ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ კანონიერ მოთხოვნებს, რომელსაც ეგვიპტელი მოქალაქეები ითხოვენ", - აცხადებს მუბარაქი ეგვიპტურ ტელევიზიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიქი შეეცდება, რომ დიალოგი წამოიწყოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რაც მისი განმარტებით ქვეყანას დემოკრატიული პროცესების ამოქმედებაში დაეხმარება. მუბარაქმა ახლად არჩეულ მთავრობას მოუწოდა, რომ კორუმპირებული ადამიანებისთვის უმკაცრესი ზომები გატარდეს და აღნიშნა, რომ ძირეული და ეფექტური ცვლილებებია საჭირო ქვეყნის პოლიტიკური, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო საქმიანობებში.
მუბარაქის მტკიცებით, ქვეყანაში შექმნილი ქაოსი გამოიწვია იმან, რომ პოლიციელებმა საკუთარი პოსტები მიატოვეს.
მუბარაქმა მოუწოდა ახალ მთავრობას, რომ მკაცრად დასაჯონ ის ვინც კრიმინალურ საქმიანობას ჩაიდენს. მუბარაქმა გააკრიტიკა ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტია "მუსულმანური საძმო".
"აქციებზე ხალხი მშვიდობიანი გზით გამოვიდა და ისინი არანაირ ძალადობის მსგავსის ჩადენას არ აპირებდნენ. თუმცა, ბევრი "მუსულმანური საძმოდან" გამოვიდა აქციებზე და რელიგიის სახელით დაარღვიეს კანონი და მოქალაქეობრივი ღირებულებები", - აღნიშნავს მუბარაქი სახელმწიფო ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, ამგვარმა საქციელმა კრიმინალურ დაჯგუფებებს გააქტიურების საბაბი მისცა, რის შემდეგადაც დაჯგუფებებმა მიისაკუთრეს დიდი რაოდენობის სახელმწიფო და მშვიდობიანი მოქალაქეების ქონება, აჩენდნენ ხანძრებს და მოსახლეობაში შიშს აღვივებდნენ.
"ვუბრძანებ ახალ მთავრობას, რომ დაიცვან მოსახლეობა, რათა მათ კიდევ ერთხელ იგრძნონ დაცულად თავი კრიმინალური დაჯგუფებებისგან და მარადიორებისგან", - აღნიშნავს ეგვიპტის პრეზიდენტი.
მუბარაქის თქმით, ის ოპოზიციურ ლიდერებს შესთავაზებს კონკრეტულ გეგმას, რომელიც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას შეუწყოს ხელს.
"მთავრობამა და ოპოზიციამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაატარონ ეკონომიკური რეფორმები. მე მჯერა, რომ გვაქვს უნარი რომ შევინარჩუნოთ ინფლაციის დაბალი დონე, მივაღწიოთ ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებს, რითაც საშუალება მოგვეცემა, რომ ხალხს ტანჯვა შევუმსუბუქოთ", - განაცხადა გამოსვლის დასასრულს ჰოშნი მუბარაქმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში რამდენიმე დღეა ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. აქციებს დაახლოების 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.