ამერიკული უნივერსიტეტების ასზე მეტმა პროფესორმა ბარაკ ობამას ეგვიპტელების რეალური დახმარებისკენ მოუწოდა. პროფესორებმა ეგვიპტელი ხალხის თანადგომის მიზნით ობამას ღია წერილით მიმართეს.
მიმართვას 157-მა პოლიტოლოგმა, ისტორიკოსმა და მკვლევარმა მოაწერა ხელი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის ურთიერთობის საკითხებზე მუშაობენ.
კერძოდ, მეცნიერებმა ამერიკის პრეზიდენტს "რიტორიკის ჩარჩოდან გამოსვლისა" და ეგვიპტის დემოკრატიული მოძრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. წერილის ავტორებმა, ასევე, შეახსენეს ობამას, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ამერიკამ მუბარაქის რეჟიმის მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარი დახარჯა. ახლა კი ეგვიპტელი ხალხი ამ რეჟიმის ჩამოგდებას აპირებს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დემონსტრანტების მხარდასაჭერად ამერიკას შესაბამისი დრო დაუდგა.
გარდა ამისა, ღია წერილში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარება ეგვიპტეში მუბარაქის რეჟიმის გამო შეუძლებელია.
სპეციალისტების აზრით, აშშ-მ ეგვიპტესთან დამოკიდებულება ძირეულად უნდა შეცვალოს. კერძოდ, ამ ქვეყანასთან საერთო ღირებულელების გათვალისწინებით ითანამშრომლოს და არა_გეოსტრატეგიის პრინციპებიდან გამომდინარე.
"ვიკილიქსის" გასაიდუმლოებული საიტის მიხედვით კი (სადაც ქაიროში ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა იყო გადმოცემული), აშშ ოფიციალურად მხარს უჭერდა ჰოსნი მუბარაქს. თუმცა, იმავდროულად, ოპოზიციონერებს უცხადებდა თანადგომას.