ჩეჩენი ბოევიკის დოკუ უმაროვის ძმა, 35 წლის რუსლან უმაროვი, იტალიაში დააკავეს. სამართალდამცავებმა ის მატარებლიდან იმ დროს ჩამოიყვანეს, როცა საფრანგეთში მიემგზავრებოდა.
რუსლან უმაროვის გეგმების შესახებ იტალიის პოლიციას საფრანგეთის სპეცსამსახურებმა აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბოევიკის ძმა იტალიაში თავშესაფრის მოთხვნას აპირებდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, დოკუ უმაროვი პროვინცია გორიციასთან ახლოს არალეგალური ემიგრანტებისთვის არსებულ დროებითი დაკავების ცენტრში იმყოფება. უცნობია, თუ რა ბრალდებას წაუყენებენ რუსლან უმაროვს.
შეგახსენებთ, ჩეჩნეთის ბოევიკების ლიდერს დოკუ უმაროვს 2004 წლის სექტემბერში ბესლანის სკოლაში განხორციელებული ტერატაქტის ორგანიზატორობას აბრალებენ. ამასთან, 2010 წლის მარტში მოსკოვის მეტროში მომხდარი პასუხისმგებლობა, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, უმაროვმა საკუთარ თავზე აიღო.
2011 წლის იანვარში უმაროვის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სპეცნაზმა მისი დაღუპვის ადგილები შეისწავლა, თუმცა ბოევიკის ცხედარი იქ არ აღმოჩნდა.
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ჩრდილო კავკასიაში ბანდფორმირებების თითქმის ყველა ოდიოზური მეთაური სიცოცხლეს გამოასალმეს. უმაროვის განადგურების შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მოგვიანებით იგი არ დადასტურებულა.