“თემურ ქათამაძე, რომელიც არის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის და რომელიც 9 აპრილის შემდგომ საკუთარი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა,” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს ძალიან ნიშანდობლივია, მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა.
“მინდა გამოვეხმაურო თემურ ქათამაძის გაძევების საკითხს, რომელიც დღეს დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ბათუმელი, რომელიც არის ჩვენთვის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის ბოლო წლების მანძილზე, რადგან ეს ადამიანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის წარმომადგენელი, იმ თემის, რომლებსაც უწევდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება და რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იმისთვის, რომ სრულფასოვან მოქალაქეებად ქცეულიყვნენ, თუმცა ივანიშვილის რეჟიმი ხელს უშლიდა და ახლა უკვე გააძევა ქვეყნიდან საქართველოს პატრიოტი მოქალაქე. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწროებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არის კონკრეტული ფაქტები, თუნდაც როგორ მიიტაცეს უძრავი ქონების ბიზნესი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა და როდესაც სრულიად გაუგებრად ათი ათასობით მოქალაქეობაა გაცემული, ამ დროს სულით და გულით ქართველი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან, თუმცა სხვა უსამართლობებთან ერთად, ისე ეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.