კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ლოს ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საჯარო მიმართვა გააკეთა, სადაც დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და ამერიკელებს აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
„დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად ის სურს, რომ თქვენ მისი ერთგული იყოთ, გაჩუმდეთ, ამ მომენტში თანამონაწილე გახდეთ. ნუ დაემორჩილებით მას“, - თქვა მან.
მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, თუმცა გააფრთხილა: „თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს იყენებთ, გთხოვთ, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ“.
ნიუსომის თქმით, კალიფორნია შესაძლოა ტრამპის გზაზე პირველი იყოს, მაგრამ არა უკანასკნელი.
„შემდეგნი სხვა შტატები არიან. შემდეგი დემოკრატიაა. დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა. მომენტი, რომლისაც ასე გვეშინოდა, დადგა“, - თქვა მან.
მანამდე, გევინ ნიუსომმა, განაცხადა, რომ მან სარჩელი შეიტანა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „ლოს ანჯელესის მილიტარიზაციის“ „დაუყოვნებლივ“ შესაჩერებლად.
მან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც თეთრმა სახლმა ქალაქში თითქმის 5 000 ჯარისკაცის, მათ შორის ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების ბრძანება გასცა.