თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 ბრალდებულის სასამართლო სხდომა დახურა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ქერაშვილის ცოლის რეპლიკამ, გამოიწვია, რომელმაც იკითხა - “ეს ბიჭები რომ მშივრები არიან?“.
"მოსამართლემ 11 პირიანი სხდომა დახურა დარბაზიდან წამოძახებული უმნიშვნელო რეპლიკის გამო. დარბაზიდან შეახსენეს მოსამართლეს, რომ პატიმრები მთელი დღის მანძილზე არიან მშივრები. დღევანდელი სხსომა დახურა სრულად: მედიისთვისა და სადამკვირვებლოებისთვისაც" - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, თამთა კახიძე.
ამის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დამსწრე პირებს და ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ივნისს აქციების ფარგლებში დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.