ეგვიპტის ქაიროს მუზეუმი ცეცხლის შედეგად არ დაზარალებულა. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იტყობინება. ეგვიპტურ სიძველეთა უმსხვილესი მუზეუმი ქაიროს ცენტრში ატ-ტახრირის მოედანზე მდებარეობს. სწორედ ამ მუზეუმის მახლობლადაა განთავსებული ეგვიპტის მმართველი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის შენობა, რომელიც 29 იანვრის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმს, ასევე, ემუქრებოდნენ მოროდიორები. თუმცა ღამით არეულობის დროს მოქალაქეთა ჯგუფი ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა და თავდამსხმელებს აღუდგა. ზოგიერთი მათგანი იძახდა: "ჩვენ ბაღდადში არ ვართ!" ამით 2003 წელს ბაღდადის მუზეუმის ძარცვაზე მიუთითებდნენ, როცა ერაყში ამერიკელი ჯარისკაცები შეიჭრნენ. ამის შემდეგ შენობასთან ბრონირებული ავტომანქანებით ჯარისკაცები მივიდნენ, რომლებიც დღემდე განაგრძობენ მუზეუმის დაცვას.
ცნობისთვის, მუზეუმში ძველი ეგვიპტისა და უძველესი არტეფაქტების დამადასტურებელი 120 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის, ფარაონთა მუმიები და მათი განძი. მათ შორისაა, ტუტანხამონის ცნობილი ოქროს ნიღაბი.
შეგახსენებთ, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა ქაირო, სუეცი და ალექსანდრია ხელთ ჩაიგდეს. მათ საპასუხოდ მუბარაქიმ კომენდანტის საათი გამოაცხადა, დედაქალაქში ჯარი შეიყვანა და მთავრობა დაითხოვა. ეგვიპტეში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.