ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს მმართველებს 2010 წელს აღმართული ლენინის ძეგლის დემონტაჟი სთხოვეს. მონპელიედან ლენინის ძეგლის მოცილებაზე ხელი ევროპარლამენტის 70-მა დეპუტატმა მოაწერა.
სხვათაშორის, დოკუმენტზე ხელი მოაწერა ლიტვის წარმომადგენელმა ვიტაუტას ლანდსბერგისმაც. 1980-90 წლებში საბჭოთა კავშირისგან ლიტვის განცალკევების ინიციატივით სწორედ ლანდსბერგისი გამოდიოდა.
თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას ლიტვის დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეულ პირთა გადამწყვეტი როლი ისტორიაში, სულაც არაა საკმარისი, რომ ლენინის ძეგლი დაიდგას. "ჩინგიზ-ხანიც ასევე, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა მისთვის ძეგლი არავის დაუდგამს,"_განმარტა ლანდსბერგისმა.
ძეგლის აღების თხოვნით მონპელიეს ხელისუფლებას, ასევე, ლატვიის დეპუტატმა_სანდრა კალნიეტემაც მიმართა. მისი თქმით, ლენინის ძეგლის დადგმა მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ მის გვერდით კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მონუმენტსაც დადგავენ.
ცნობისთვის, ლენინის სამმეტრიანი ქანდაკება მონპელიეში 2010 წელს რეგიონის მეთაურის_ლანგედოკ-რუსილიონისა და სოციალისტ ჟორჟ ფრეშის მიერ დაიდგა. იმავდროულად, მონპელიეში აღმართეს უინსტონ ჩერჩილის ძეგლიც. ასევე, შარლ დეგოლის, ფრანკლინ რუზველტისა და ჯან ჯორესის ძეგლები. 2011 წელს ამ სერიის გაგრძელებას აპირებდნენ, მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას, მაო ძედუნისა და სხვათა ძეგლების სახით. თუმცა ამჯერად ეს პროექტები კითხვის ქვეშაა, რადგან 2010 წელს ჟორჟ ფრეში გარდაიცვალა.