მედიასაშუალებებსა და სახელმწიფო ორგანოებს გამოთქმისთვის "ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი" 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. შესაბამისი კანონპროექტი "ერთიანი რუსეთის" დეპუტატმა ივან სავიდიმ წარადგინა.
სავიდის თქმით, ამიერიდან ოფიციალურ დოკუმენტებსა და მედიასაშუალებებში, ასევე, ოფიციალურ საიტებზე, რუსეთში მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხის ღირსების დამამცირებელი გამონათქვამებისთვის მოქალაქეებს შეიძლება 500-დან 2000 რუბლამდე დაეკისროს, ხოლო თანამდებობის პირებს_5-დან 10 ათას რუბლამდე. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მათთვის ჯარიმა 10-დან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრება. შესაბამის გადაწყვეტილებას კი სასამართლო გამოიტანს.
სავიდის თქმით, ტერმინი "ლიცო კავკაზსკოი ნაციანოლნოსტი" შეურაცხმყოფელია. ეს ტერმინი მისთვის ფესვშივე მცდარია. სავიდი აცხადებს, რომ ჩრდილო კავკასიაში უმრავლესობით მცხოვრები რუსებიც "ლიცო კავკაზსკოი ნაციანალნოსტის" მიეკუთვნებიან.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საეჭვოა, სასამართლომ შეურაცხმყოფელად მიიჩნიოს ტერმინი "ლიცო კავკაზსკოი ნაციანოლნოსტი". ამასთან, სპეციალისტებს ახალი კანონპროექტის შემოღება გადაჭარბებულად მიაჩნიათ. რუსეთის დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, მედიასაშუალებებსა და კერძო პირებს შეურაცხყოფის გამო პასუხისმგებლობა ისედაც ეკისრებათ.
ცნობისთვის, რუსეთის დუმაში კანონპროექტი ჯერ კიდევ 20 დეკემბერს იქნა შეტანილი, მანეჟის მოედანზე ქსენოფობიური გამოსვლებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე. 27 იანვარს კი სახელმწიფო დუმის კანონპროექტების ბაზაში ამ კანონპროექტს გამოეხმაურნენ. კერძოდ, ამ საკითხით საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტი დაინტერესდა. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მოსკალეცმა აღნიშნა, რომ კომიტეტს მსგავსი პროექტი არ განუხილავს.