ილიაუნისთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტები საპროტესტო მარშით რუსთაველისკენ დაიძრებიან და პარლამენტის წინ შეკრებულ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
„დღეს ვნახეთ კიდევ ორი დაკავებული სტუდენტი. ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ილიაუნის სხვა სტუდენტიც, ლუკა ნაცვლიშვილი, ამჟამად რეჟიმს ჰყავს დატყვევებული.
ჩვენი, სტუდენტების, პასუხი ვერ იქნება სიჩუმე. დაუმორჩილებლობა რეჟიმს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“,- აცხადებენ სტუდენტები.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ილიაუნის სტუდენტს ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მასთან ერთად 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა სტუდენტს თათია აფრიამაშვილს, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".
ფოტო: რადიო თავისუფლება