დღეს ირანის ხელისუფლებამ 45 წლის ქალი ზახრა ბაჰრამი სიკვდილით დასაჯა. ქალი ჩამოახრჩვეს. ზახრა ბაჰრამს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა ირანისა და ნიდერლანდების. ზახრა ბაჰრამი 2009 წელს თეირანში კონტრაბანდისა და ნარკოტიკების გავრცელებისათვის დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ქალი-კონტრაბანდისტი სახელად ზახრა ბაჰრამი დღეს ჩამოახრჩვეს ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით", _ იუწყება ირანული საინფორმაციო სააგენტო " Mehr "-ი.
ნიდერლანდების ხელისუფლება მზად იყო ჩარეულიყო ამ საქმეში, თუმცა ირანის ხელისუფლება უარს აცხადებდა ეღიარებინა ზახრა ბაჰრამის ორმაგი მოქალაქეობა, ვინაიდან ირანის ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, ირანის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც მეორე მოქალაქეობაც აქვს მხოლოდ ირანის მოქალაქედ ითვლება.
ირანის ოპოზიცია აცხადებს, რომ ზახრა ბაჰრამს ცილი დასწამეს და იგი ცრუ ბრალდებით დაასამართლეს. ამასთან ერთად, თავად დაკავებული სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ და აწამებდნენ.