ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესაუბრა. ობამამ მუბარაქს დემოკრატიის გაძლიერებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"მოვუწოდებ ეგვიპტის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. მიმართვის დროს ეგვიპტის პრეზიდენტი მოსახლეობას ეკონომიკური რეფორმების გატარებას დაჰპირდა. მე ვესაუბრე მუბარაქს და ვუთხარი, რომ ამ დაპირების შესასრულებლად კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს,"_აღნიშნა ბარაკ ობამამ.
ეგვიპტეში ძალადობის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე, დავოსში მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა კი ოფიციალურ ქაიროს სიტყვის თავისუფლების პატივისცემა მოსთხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ქაიროსთვის დახმარების გამოყოფის საკითხის განხილვასაც აპირებს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა გააკეთა. 2010 წელს აშშ-მ ეგვიპტეს მილიარდ 300 მილიონი დოლარი სამხედრო სფეროში, 250 მილიონი კი ეკონომიკის დახმარების მიზნით გადასცა.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის დასრულებას ეგვიპტის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ითხოვენ. მასობრივი არეულობაა სუეცსა და ალექსანდრიაშიც, სადაც პრეზიდენტის ბრძანებით, უკვე ტანკებია მობილიზებული. მოსახლეობის მოთხოვნას უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ეგვიპტელებიც შეუერთდნენ. მუბარაქის გადადგომის მოთხოვნა ეგვიპტის საელჩოებთან ვაშინგტონში, ბერლინსა და კარაკასშიც გაისმა.