დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, „ქართული ოცნება“ აღარ არის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის.
„ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობის და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულეობრივი საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია. დემოკრატია ქვეყანაში, სადაც არ არის სოციალური სამართლიანობა, შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა.
„ჩვენ გვყავს ორი პოლუსი, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს პრივატიზება მოახდინა, ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას, ის ხალხი, რომელიც, მერწმუნეთ, ოჯახის ფასეულობებთან შეიძლება, ძალიან შორს იყვნენ. მეორე მხარეს მეორე პოლუსი, რომელიც ამბობს, რომ ევროპულები ისინი არიან მხოლოდ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველასთვის, ვინც დღეს საქართველოში მიიჩნევს, რომ არცერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავლი არ უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური ძალის კარი ღიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.