ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა.
„ჩვენ გვყავს ორი პოლუსი, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს პრივატიზება მოახდინა, ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას, ის ხალხი, რომელიც, მერწმუნეთ, ოჯახის ფასეულობებთან შეიძლება, ძალიან შორს იყვნენ. მეორე მხარეს მეორე პოლუსი, რომელიც ამბობს, რომ ევროპულები ისინი არიან მხოლოდ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველასთვის, ვინც დღეს საქართველოში მიიჩნევს, რომ არცერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავლი არ უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური ძალის კარი ღიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის.
„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც მიიჩნევთ, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგწონთ, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათვისაც ჩვენი პოლიტიკური კარი არის ღია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.