პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და სისხლის სამართლის ბრალდებებისა და ფაშისტურ ორგანიზაციასთან კავშირის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალეს, პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არ გეგმავს საკუთარი პარტიის შექმნას და არ ცდილობს სამთავრობო თანამდებობების დაკავებას.
„ახლა ყურადღებას ჩემს ოჯახს დავითმობ, რომელსაც ბოლო დროს მომხდარი მოვლენების შემდეგ სიმშვიდე და უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა სჭირდება,“ - თქვა ჯორჯესკუმ.
ამავდროულად, მან სამომავლოდ პოლიტიკაში დაბრუნება არ გამორიცხა.
რუმინეთში 2024 წლის ნოემბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებდა. ამასთან, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ კალინ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.