Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის საკითხს განიხილავენ თუ აშშ შემდგომ დახმარებაზე უარს იტყვის.
აღნიშნულია, რომ ევროპას არც იარაღის მარაგი აქვს და არც უკრაინის მომარაგებისთვის საკმარისი რაოდენობით იარაღის წარმოების შესაძლებლობა.
როგორც Bloomberg-ის წყაროებმა აღნიშნეს, წინადადება, რომელიც სულ უფრო მეტ სანდოობას იძენს, მოიცავს მეტი ამერიკული სისტემის შეძენას და შემდეგ ამ იარაღის უკრაინაში გაგზავნას.
„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ტრამპი უარს იტყვის ამერიკული იარაღის უკრაინაში გაგზავნაზე, მაშინ ამას ევროპა გააკეთებს.
ეს უკრაინას რუსეთის შეკავებაში დაეხმარება და შესაძლოა პუტინზე ზეწოლავ მოახდინოს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სერიოზულად იფიქროს“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, ისინი ელიან, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სამიზნეების იდენტიფიცირებაში დასახმარებლად.
ამ თანამშრომლობის ხანმოკლე შეფერხებამ კიევს ოპერაციული პრობლემები შეუქმნა, თუმცა აშშ-ის მოკავშირეებში უფრო ფართო შეშფოთება გამოიწვია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, მსგავს მდგომარეობაში თავადაც აღმოჩნდნენ.
„ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული და დაფინანსებული იარაღის მიყიდვა შესაძლოა ამ ზაფხულს შეწყდეს და ევროპას გაუჭირდება საკმარისი იარაღის წარმოება ამ დეფიციტის შესავსებად. ექსპერტების აზრით, პუტინი შეეცდება ისარგებლოს ამ დინამიკით“, - აღნიშნავს გამოცემა.