ქაიროში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატეს) ექს-მეთაური, ნობელის პრემიის ლაურეატი, ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ალ-ბარადეი დააკავეს.
იგი შეეცადა, ხუთშაბათს პრეზიდენტ მუბარაქის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს სათავეში ჩადგომოდა, სანამ ისლამისტური ორგანიზაციის მომხრეები მეჩეთში ხუთგზის ლოცვის შემდეგ ქუჩაში გავიდოდნენ. თუმცა ეგვიპტის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც, "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ბევრი სამოქალაქო ფორმიანი იმყოფებოდა, ოპოზიციის პოტენციური ლიდერის დაკავება მოახერხეს.
ტელევიზიის ინფორმაციით, ქალაქ სუეცის ცენტრი ცეცხლის ალშია გახვეული. ქუჩებში სპეცნაზი იმყოფება. სულ მცირე, სამი ადამიანია მოკლული.
შეგახსენებთ, ამ დღეებში ეგვიპტეში მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უკვე 30 წელია, რაც მუბარაქი ამ ჩრდილოაფრიკულ სახელმწიფოს მართავს. ტრადიციულად, ეს პოლიტიკოსი რეგიონში აშშ-ის მომხრედ ითვლება.