აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამუშავებს და შესაძლოა, ეს სანქციები დაამტკიცოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპირისპირო განცხადებების მიუხედავად. ეს შეფასება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ტელეარხის ZDF ეთერში გააკეთა.
ZDF-ის ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა ტრამპის 20 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შემოიღებდა.
„ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. აშშ-ის სენატში სანქციების დიდი პაკეტია, ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი. მას უკვე დაუჭირა მხარი სენატში თითქმის 80-მა კოლეგამ“, - უპასუხა ვადეფულმა.
მან განაცხადა, რომ 14-15 მაისს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესაუბრა ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის თანაავტორს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს.
„არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება, რომ შედეგები ახლავე უნდა დადგეს. ამ საკითხზე ახლა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ვსაუბრობთ - როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე კონგრესის წევრებთან“, - განაცხადა ვადეფულმა.
მან ასევე სანქციების შესახებ მოლაპარაკებებში პარტნიორებს შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ახსენა.
„ამერიკაც იმოქმედებს. ეს ნათლად არის ნათქვამი. ახლა სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიონა უნდა შევინარჩუნოთ, აშშ სანქციების ყოვლისმომცველ პაკეტს ამზადებს, ახლა ის განსახილველად კონგრესს გადაეცემა. რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ამ განხილვების შემდეგ შევა ძალაში. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მე გავიგე, ეს აუცილებლად მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტზე ვართ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ZDF-ის ჟურნალისტმა შეახსენა, რომ 19 მაისს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებთან „ყოვლისმომცველი ვაჭრობის“ განახლებას ცდილობს და ის ასეთ გეგმებს „ეთანხმება“.
„ამ გზით, მას [ტრამპს] სურს, ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან გზა გაუხსნას. თუმცა, ის მზადაა [სანქციებისთვის]. და უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ ამ საკითხზე შემდგომ მოლაპარაკებებს მოვამზადებთ. პუტინი ყოყმანობს და ომის გაგრძელება სურს. თუმცა, ის ნელ-ნელა ამჩნევს, რომ მისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების დასასრული ახლოვდება. და სწორედ ამიტომ სთავაზობს ტრამპი, როგორც მე მესმის, მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის გზას. არ შეცდეთ: შეერთებული შტატები საქმეში იქნება. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ. ჩვენ დავარწმუნებთ მათ. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, - განაცხადა ვადეფულმა.