უკრაინული მედიის ცნობით, 16 მაისის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 112 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ცენტრალურ მაწილში 73 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის და სხვა ტიპის დრონის ჩამოგდება დადასტურდა. 36 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს საავიაციო, საზენიტო-სარაკეტო, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა. მტრის შეტევამ დააზარალა ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიჰივის, მიკოლაევისა და კიევის ოლქები.
ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
კიევის ოლქში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად, ორ რაიონში ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა.