“მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის წერილები ფუჭია.
“თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია და შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, რადგან ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობითა სივრცის ნაწილი, შესაბამისად შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც. აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს “ოცნება”, ყველაფერი არის ფუჭი, “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.