უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, The Breakfast Show-ის ეთერში ისაუბრა შეხვდება თუ არა ზელენსკი რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს 15 მაისს სტამბოლში, თუ პუტინი იქ არ ჩავა.
„არა, რა თქმა უნდა არა. ეს ფორმატი არ არის. პრეზიდენტს არ შეუძლია შეხვედრა... ჩვენ გვესმის რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია. და ცხადია, რომ მინისტრის ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანებსაც კი ძნელად თუ აქვთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. მხოლოდ პუტინს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ომის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ“, - თქვა პოდოლიაკმა.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ შეძლებს ზელენსკი პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვას პირდაპირი მოლაპარაკებების აკრძალვის გათვალისწინებით.
„ვფიქრობ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევა. და თუ რაიმე სახის იურიდიულად დამოწმებულ დოკუმენტს მოვაწერთ ხელს, ვფიქრობ, რომ იურიდიული კორექტირება მოხდება“, - თქვა პოდოლიაკმა.
გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.