აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, დაადასტურა, რომ ის მომავალ კვირას თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო 14-16 მაისს ანტალიაში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, სადაც „ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილება, მათ შორის მოკავშირეთა თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება“.
„ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე, სახელმწიფო მდივანი წინ წაწევს პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, რათა ჩვენმა მოკავშირეებმა სამართლიანი წვლილი შეიტანონ ნატო-ს გაძლიერებისა და ეფექტურობის გაზრდაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანტალიის შეხვედრამდე რუბიო 11-14 მაისს ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში გაემგზავრება, რათა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცების მიზნით ორმხრივი შეხვედრები გამართოს.