აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დროს რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს „ძალიან დიდი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ არ კი დაუპყრია. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ძალიან ბევრს მოითხოვდა, რადგან რუსული აღქმა ომის მიმდინარეობაზე ისეთია, თითქოს ისინი იმარჯვებენ. და, რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, კერძოდ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის ადვილი არ ყოფილა. ჩვენი პოზიციაა, რომ არ გვინდა უკრაინამ მარცხი განიცადოს. ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის ისაა, რაც მან თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა ასევე პროგრესად უწოდა ის ფაქტი, რომ რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და გვთავაზობენ „კონკრეტულ სამშვიდობო გეგმებს“.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებიდან გავა, თუ მიხვდება, რომ „რუსები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ და გულწრფელად არ იქცევიან“.
„და თუ ეს მოხდება, დიახ, ჩვენ გავალთ. პრეზიდენტი იტყვის: ჩვენ გავდივართ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა ვენსმა.
„და ეს, არსებითად, ნიშნავს, რომ რუსეთს და უკრაინას მოუწევთ ამ საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება - შეერთებული შტატების რჩევისა და შუამავლობის გარეშე. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია – არც ჩვენთვის, არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის“, - აღნიშნა მან.
ვენსმა დასძინა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში „გარკვეული დიპლომატიური გარღვევა“ მოხდა.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მხარეები უფრო დავაახლოოთ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ამაზე ვიმუშავებთ მანამდე, ვიდრე არ გადავწყვეტთ, რომ უფრო შორს წასვლა აღარ შეგვიძლია. შემდეგ კი გავალთ,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.