ე.წ. „მეგობარი აქტი“ ტესტია, თუ რამდენად სრულდება დონალდ ტრამპის პირობა, რომ ის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს - - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ამ აქტით ოპოზიცია სულდგმულობს. მძიმე მდგომარეობაში არიან და ზეიმობენ, როცა ეს აქტი რაღაც ეტაპს გაივლის ხოლმე. ეს ზეიმი ერთი - ორი დღე გრძელდება, მაგრამ საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ! „მეგოაბარი აქტში“, რეალურად კი მტრულ აქტში, მეგობრული არაფერი წერია. რაც მასშია ჩაწერილი - სანქციების ნაწილი და ა.შ, ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია დღესვე აამოქმედოს. შეეძლო ერთი თვის წინ აემოქმედებინა. შეუძლია აამოქმედოს ერთი თვის შემდეგ. ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის!“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში დადასტურდება, რომ „იმ მომენტისთვის აშშ-ში, Deep State-ის არაფორმალური მმართველობის გავლენები ვერ იქნა შემცირებული“.
„რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკური შოუს ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციისთვის გადმოგდებული „სატოპკეა“ ოპოზიციის ამომრჩეველი ძირითადად ოპოზიციურ არხებს უყურებს. ეს მედია საშუალებები ამბობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცა ტრამპი ვალდებული იქნება, რომ აღასრულოს. ტრამპი მის აღსრულებაზე ვალდებული არანაირად არ არის! - ეს ყველაფერი ტრამპს რომ უნდოდეს, კანონპროექტის გარეშეც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ ასეთი ქმედებები გააკეთოს. ერთადერთი მინდა გავმიჯნო და დავუშვათ, რომ თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცა, ეს არის ერთგვარი ტესტი იმ მდგომარეობისთვის, თუ რამდენად არის შესუსტებული “გლობალური ომის პარტიის“ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები აშშ-ში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.