სალომე ზურაბიშვილი უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, რომ მისი ფიგურა თავად ოპოზიციისთვის და გარე მფარველებისთვისაც არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჯერ ალტერნატიული პარლამენტის იდეა ჰქონდათ, შემდეგ ალტერნატიული მთავრობა ჰყავდათ და არ ვიცი, პრემიერ-მინისტრი დანიშნეს თუ არა. ახლა ალტერნატიულ ღონისძიებებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი რაც უფრო მალე დაუბრუნდება რეალობას და რეალურ სამყაროს, მისთვის უკეთესი იქნება. სალომე ზურაბიშვილი უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის. იმასაც უნდა შეეგუოს, რომ მისი ფიგურა თავად ოპოზიციისთვის და გარე მფარველებისთვისაც არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი აღარ არის. მისი მაგიდის გარშემო როდესაც ოპოზიცია შეკრიბეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ პრეზიდენტი იყო და დღეს აღარ არის. სალომე ზურაბიშვილის თაობაზე რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს თუ მოისმენთ, ნახავთ, რომ ახლა მისი „ჩარეცხვის“ მცდელობაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.