"მეგობარი აქტი" არის პასუხი ამერიკის, როგორც ჩვენი მეგობრის, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელტა პალატის მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას.
"ჩვენ მოგვეწია "მეგობარი აქტის" მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს იმის გამო, რომ დასანქცირდებიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ ის ფაქტიც, რომ ეს არის საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ შევცვლით, როცა შევცვლით რეჟიმს.
ეს რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი არ არის, ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა იციან, რომ არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები აშშ-ს აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან "დიფ სთეითობას" - ეს არის მიუღებელი და "მეგობარი აქტი" არის პასუხი ამერიკის, როგორც ჩვენი მეგობრის. ჩვენ დავიბრუნებთ მეგობარს, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება და ეს არის ჩვენი განაცხადი, რომ დავიბრუნებთ არა მხოლოდ ამერიკის მეგობრობას, არამედ დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობს, რომელიც დაიკარგა ამ პერიოდში და ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან. და დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე".- თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.