საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ქ. თელავის 10 საჯარო სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.