წიაღისეულის შესახებ შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმება რატიფიკაციისთვის უკრაინის უმაღლეს რადას წარედგინება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია, რომ შეთანხმების ხელმოწერა არ შეფერხდეს.
„შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა მომზადების პროცესში. ახლა ეს არის ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება, რომელიც ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ინვესტიციებისთვის - საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, გარდა ამისა - ასევე უკრაინაში წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციისთვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში იურიდიული პრაქტიკის მოდერნიზაციისთვის.
შეთანხმება არ შეიცავს უკრაინის მიმართ ვალის დაკისრებას და იქმნება ფონდი - აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და აქ ფულს გამოიმუშავებს.
ეს არის ამერიკასთან ერთად და სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს, რომლებიც თავდაცვაში გვეხმარებიან, პარტნიორობით შეუძლიათ გამომუშავება.
ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვატიკანში შეხვედრაზე ვისაუბრეთ შეთანხმების დადების მზადყოფნაზე.
ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვაქვს ვატიკანის შეხვედრის პირველი შედეგი, რაც მას ნამდვილად ისტორიულს ხდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ უკრაინული მხარე ასევე ელოდება ტრამპთან საუბრის სხვა შედეგებს, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შედგა.
ზელენსკის თქმით, ეს იყო შინაარსიანი შეხვედრა: „ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან გატარებული ყოველი წუთი 100%-ით გამოვიყენეთ“.
შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.