მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული კიდევ 8 პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. გადაისინჯა დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ისინი შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.