შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგთა ჯგუფი ილიას აკადემიურ ოცტომეულზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემის რედაქტორმა ჯულიეტა გაბოძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ილიას აკადემიური ოცტომეულის გამოცემა გასულ საუკუნეში დაიწყო და უკვე 15 ტომი გამოიცა. ამჟამად გამოსაცემად დანარჩენი ტომები მზადდება.
ჯულიეტა გაბოძის თქმით, ილიას ოცტომეულის გამოცემა მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.
ამ გამოცემის მიხედვით, ილიას ტომებს სრულიად ახალი ათტომეული შეემატება მისი პუბლიცისტიკის ხარჯზე. აქ თავმოყრილია გაზეთ "ივერიაში" დასტამბული დიდი მწერლის ხელმოუწერელი წერილები. "იმ ეტაპზე ილიას პრინციპი იყო, რომ პუბლიცისტურ წერილებს ხელს არ აწერდა. ალბათ იმიტომ, რომ თავად იყო ამ გაზეთის რედაქტორი, ხელმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავდა",_აცხადებს ჯულიეტა გაბოძე.
მისი თქმით, თავის დროზე პავლე ინგოროყვამ ილიას 10 ტომეული გამოსცა, თუმცა იმ დროს ვერ დაადგინეს, რომ ხელმოუწერელი წერილები ილიას ეკუთვნოდა.