დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბოლივუდის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვაა. ამის შესახებ ბოლივუდის რამდენიმე დიდ პროდიუსერულ კომპანიასთან შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ინდოეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტისას მოხდა.
ინდოელი კინომწარმოებლების 5-კაციანი ჯგუფი (ნარენდრა ბაჯაჯი - `სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზი~; ვარუნ ბაჯაჯი - თანაპროდიუსერი; ჩირაგ ბაჯაჯი -აღმასრულებელი პროდიუსერი; როოპ ნაიკი - `ზიპ პაპ ზუმ პროდაქშენი~; ლელა სოფოვეი - შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი) საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
გარდა ამისა, იგეგმება ინდური კინოს წარმომადგენლების ქართველ კოლეგებთან შეხვედრაც. ინდოელი სტუმრები ქართული ფილმის პრეზენტაციასაც დაესწრებიან.
ერთი კვირის განმავლობაში ინდოელი პროდიუსერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოინახულებენ და ადგილზე შეისწავლიან საქართველოში ფილმის გადაღების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ინდოელი პროდიუსერები საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის გადაღებასაც გეგმავენ, რომლის პრეზენტაციაც ინდური კინოინდუსტრიის წრეებსა და ტელევიზიებში მოხდება.