ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის დამფუძნებელი, გუგა ხელაია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მის სახლშიც შევიდნენ.
ხელაიას ცნობით, დალუქეს და წაიღეს მისი ტელეფონი.
"მეგობრებო, იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა.
უდიდესი ალბათობით დაკითხვებზე დამიბარებენ და გაგრძელდება ეს პროცესი. შემდეგ რა იქნება არ ვიცი და აქვე გაგიზიარებთ.
ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ და შეგიძლიათ ამ პოსტით და ინფორმაციით იხელმძღვანელოთ საჭიროების შემთხვევაში.
კარგად ვარ! დიდად არც არავინ მყავს, რომ რაიმე მქონდეს დასაკარგი, შესაბამისად შიშებიც დიდი ხნის მკვდარია ჩემში.
სოლიდარობა სხვა ფონდებს ჩემგან!" - წერს ხელაია.
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებში.