საქართველოს პროკურატურა დღეს მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებები საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებების საფუძველზე ხორციელდება.
„საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში. სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებში.