ხომალდ „ტიტანიკიდან“ გაგზავნილი წერილი აუქციონზე 300 000 ფუნტ სტერლინგად (350 000 ევროდ) გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ხელმოწერილი საფოსტო ბარათი გაგზავნა პირველი კლასის მგზავრმა, ამერიკელმა ინვესტორმა და მწერალმა, პოლკოვნიკმა არჩიბალდ გრეისმა.
დოკუმენტი აუქციონზე მისმა ძმის შვილიშვილმა გამოიტანა.
„ეს კარგი ხომალდია, მაგრამ საბოლოო შეფასებამდე მისი მოგზაურობის დასრულებას დაველოდები“, - წერდა წერილის ავტორი.
პოლკოვნიკ არჩიბალდ გრეისის წერილი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა მოსალოდნელ ფასზე ხუთჯერ ძვირად.
წერილი 1912 წლის 10 აპრილით თარიღდება, როდესაც გემი საუთჰემპტონის პორტიდან ნიუ იორკის მიმართულებით გავიდა. მისი დაწერიდან ხუთ დღეში ხომალდი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. წერილს „წინასწარმეტყველურს“ უწოდებენ, რადგან მასში პოლკოვნიკი გრეისი წერს, რომ დაელოდება თავისი მოგზაურობის დასრულებას გემის შეფასებამდე.
პოლკოვნიკი გრეისი ერთ-ერთი გადარჩენილი იყო „ტიტანიკის“ ბორტზე მყოფი 2 200 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
არჩიბალდი ყინულიან წყალში გემიდან გადახტა და გადაბრუნებულ ნავზე აძვრა, საიდანაც გადაარჩინეს.
ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, მან კატასტროფა აღწერა თავის წიგნში, „სიმართლე ტიტანიკის შესახებ“,.
არჩიბალდს ჰიპოთერმიის გამო ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანდა და მალევე 1912 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.