ჩრდილოკორეული რაკეტა, რომელიც რუსებმა კიევზე იერიშისთვის გამოიყენეს, სულ მცირე 116 უცხოურ კომპონენტს შეიცავდა, რომელთა უმეტესობა ამერიკული წარმოების იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 24 აპრილს კიევზე რუსული თავდასხმის ადგილას სამაშველო ოპერაციები, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა, მხოლოდ დღეს დასრულდა.
ამჟამად საავადმყოფოებში 30-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის მძიმე დაზიანებებითა და კიდურების ამპუტაციით.
ზელენსკის თქმით, ყველა ინორმაციარაკეტასთან დაკავშირებით, რომლითაც ოკუპანტებმა დედაქალაქს შეუტიეს, ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა „უკვე ნათელია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებია“.
„რუსეთზე ზეწოლის არარსებობა მას საშუალებას აძლევს, ასეთი რაკეტები და სხვა იარაღი აქ, ევროპაში გამოიყენოს. ჩრდილოეთ კორეასა და მის თანამზრახველებზე ზეწოლის არარსებობა შესაძლებელს ხდის, ასეთი ბალისტიკური რაკეტები აწარმოოს.
რაკეტა, რომელიც კიეველების დაღუპვის მიზეზი გახდა, შეიცავდა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ სულ მცირე 116 კომპონენტს და სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ამერიკული კომპანიების მიერ იყო წარმოებული.
თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ ომში ძალიან სწრაფად შეიძლება ჩაერთოს მრავალი სხვადასხვა მოთამაშე და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა, ყოველთვის იცავს თავს არა ერთი ადამიანისგან, არამედ თანამზრახველთა ჯგუფისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცვა ასევე კოლექტიურ ძალისხმევას ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და აწვდის მას სამხედრო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს, ასევე მათ, ვინც აგრძელებს აგრესორზე ზეწოლას.
„უკრაინა 45 დღის წინ დათანხმდა [აშშ-ის] პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას ცაში, ზღვასა და ფრონტზე სიჩუმის შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ მისი დასრულება და იმ სიჩუმის გაგრძელება, რომელიც აღდგომის დღეს შეიძლებოდა დამყარებულიყო.
ჩვენ ასევე პირდაპირი წინადადება წარვუდგინეთ რუსეთს, შეეწყვიტა თავდასხმები, სულ მცირე, სამოქალაქო ობიექტებზე. რუსეთი ამ ყველაფერს გამორიცხავს.
სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ზეწოლის გარეშე ვერ მოგვარდება. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია. მკვლელობების შეჩერება პირველი პრიორიტეტია“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე .