ამერიკა ვეღარ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენსილვანიის შტატში, კარლაილში, აშშ-ის სახმელეთო ჯარების კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დრო, როდესაც აშშ იყო ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი, დასრულდა. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ჰეგსეთმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ევროპა უნდა გაძლიერდეს და გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ნატო-ს გასაძლიერებლად.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე საფრთხეები მოითხოვს კოლექტიური უსაფრთხოების განსხვავებულ მიდგომას, რის გამოც ჰეგსეთმა მოუწოდა ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დასძინა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მათზე ზეწოლას, რათა გაზარდონ სამხედრო ხარჯები მშპ-ს 5%-მდე, რადგან „2% არ არის საკმარისი“.
ჰეგსეთმა მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელმაც თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვის ვალდებულება აიღო,
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის კონტროლი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს გადასცა.
ჰეგსეთის თქმით, ეს „სიმბოლოა იმისა, რომ უფრო მეტი პარტნიორი ჩაერთოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“.