შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა უკრაინის გზაზე მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებაში, მაგრამ თუ ცხადი გახდება, რომ ეს ნაბიჯები შედეგს არ გამოიღებს, თეთრმა სახლმა შესაძლოა სხვა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ The Free Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ბევრი დრო და ძალისხმევა დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. თუ რომელიმე მომენტში დავადგენთ, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან შორს ვართ და საკმარისი წინსვლა არ ხდება, შესაძლოა, დაგვჭირდეს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა აღიარა, რომ ვაშინგტონი ახლა "ჩართულია რუსეთის პოზიციის გაგების პროცესში", რაც ახლა უფრო ნათელი გახდა ამერიკული მხარისთვის მას შემდეგ, რაც პირდაპირი კონტაქტები პირველად მოხდა სამი წლის განმავლობაში.
რუბიომ აღნიშნა, რომ მას არ სჯერა უკრაინის კრიზისის სამხედრო გადაწყვეტის და იმის, რომ უკრაინა 2014 წლის საზღვრებს დაუბრუნდება.
„ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს, უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები, არის რუსეთის პოზიციის გაგება. ახლა უკეთ გვესმის ეს, რადგან რეალურად ვესაუბრეთ, მას შემდეგ, რაც სამი წლის განმავლობაში არ ვესაუბრებოდით. გვინდა, გავარკვიოთ, რა არის უკრაინის პოზიცია და რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება. შემდეგ, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ მშვიდობა შეუძლებელია ამ დროისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად, ვიდრე არსებობს რეალისტური, წინ მიმავალი გზა“, – განაცხადა რუბიომ.