უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ათვლის წერტილი მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორკიმ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების დონეს მომავალი წლების განმავლობაში. მაგალითისთვის, ეს შედეგი განსაზღვრავს, ბელარუსი საბოლოოდ ჩაეფლობა თუ არა ე.წ. რუსულ სამყაროში, თუ შეძლებს და შეინარჩუნებს ავტონომიის უკანასკნელ ნარჩენებს. ამ ომის შედეგი იქნება ათვლის წერტილი მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის. ის ასევე გავლენას მოახდენს ცენტრალურ აზიაში მნიშვნელოვანი პარტნიორების საგარეო პოლიტიკაზე, რომლებიც უყურებენ როგორც მოსკოვს, ასევე პეკინს, მაგრამ ასევე ცდილობენ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას. რუსეთი იქნება დამპყრობელი, ვიდრე არ უარყოფს თავის დაპყრობით დღის წესრიგს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი დამწუხრებულია, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება.
„ჩვენ დამწუხრებული ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო შორდება თავის ევროპულ გზას. ჩვენ არ ვადანაშაულებთ ქართულ საზოგადოებას მისი მთავრობის გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ დავაწესეთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე. თუმცა თანამეგობრობის წევრობა არის პრივილეგია და არა – ვალდებულება. ეს არის შეგნებული არჩევანი, რომელსაც აკეთებს როგორც ქვეყანა, ასევე მისი თავისუფალი მოქალაქეები“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. [პირველი არხი]