თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, 1 ადამიანი დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიციამ ეს პირი მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხეიძემ საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა.
პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, შენობიდან მოწმე პოლიციელის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მას ხალხი შეძახილებით დახვდა. ედიშერაშვილი რამდენიმე პოლიციელთან და სასამართლოს მანდატურთან ერთად გადაადგილდებოდა.
სასამართლოს შიგნით და ეზოში დაძაბულობა საბა სხვიტარიძის პროცესს მოჰყვა. სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ, დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ.
საბა სხვიტარიძის პროცესზე მოწმე პოლიციელი, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი გამოკითხეს. სხვიტარიძე ედიშერაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, თუმცა, სხვიტარიძის თქმით, ედიშერაშვილს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
სალომე ედიშერაშვილი პროცესზე რამდენიმე პოლიციელებთან ერთად მივიდა. მოგვიანებით, დარბაზის უკმაყოფილების შემდეგ, პოლიციელებმა სხდომა დატოვეს.
ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული.