ბათუმში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრიდან წერილს აგზავნის, სადაც სასამართლოსგან ითხოვს საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის ერთ სასურველ დღეს, 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან თბილისში გასვლის უფლებას.
„თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძვლით, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”. – წერს თემურ ქათამაძე წერილში.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.