სუმში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ამის შესახებ სტარმერი Х-ზე წერს.
სტარმერი წერს, რომ შოკირებულია სუმის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის საზარელი თავდასხმებით.
„ამ ტრაგიკულ დროს ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი.
ახლა პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, - წერს სტამერი.
ბოლო ცნობებით, სუმის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავდა - 99, მათ შორის 11 ბავშვი.